კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იურიდიული კლინიკის ვებ-გვერდზე!
აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, თქვენ საშუალება გეძლევათ დარეგისტრირდეთ იურიდიული კლინიკის პროგრამაზე და თვალყური ადევნოთ კლინიკაში მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებს.
იურიდიული კლინიკა წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტისა და გეწაძე და პატეიშვილის ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიმართულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევის გამომუშავებისაკენ.
სტუდენტების დატვირთული სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელების პირველი ეტაპი დაეთმობა ონლაინ სწავლებას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მიიღონ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება ჩვენი კომპანიის წარმოებაში არსებულ რეალურ საქმეებზე ონლაინ მუშაობის გზით. ონლაინ სწავლების ეტაპი წარმოადგენს გარკვეულ მოსამზადებელ საფეხურს ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებაზე გადასასვლელად.
სწავლების მეორე ეტაპი, რეალურ საქმეებში სტუდენტების უშუალო ჩართვა, მოიცავს კომპანიაში მათ პრაქტიკულ მუშაობას, კერძოდ მათ საშუალება მიეცემათ ინტერესის სფეროს მიხედვით შეარჩიონ საქმე და იმუშაონ მასზე ჩვენი ადვოკატების უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
ჩვენი კომპანიის გუნდი მზად არის უხელმძღვანელოს კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს და განახორციელოს პროექტში მითითებულ ყველა ღონისძიებაში მათი ჩართულობა.
დღეს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და კლინიკის პროგრამის ყოფილი მონაწილე, მოხარული ვარ წარვუძღვე გეწაძე და პატეიშვილის ბაზაზე შექმნილ იურიდიული კლინიკის პროგრამას და მიღებული გამოცდილების შედეგად დავგეგმო მისი ეფექტურად განხორციელების გზები.
მე ვიმედოვნებ, ჩვენთან არსებული იურიდიული კლინიკა დაეხმარება კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს პროფესიული გამოცდილების მიღებასა და საადვოკატო უნარების დაუფლებაში.
სალომე სართანია
პროექტის კოორდინატორი