ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 მარტი 2018

 იურიდიული კომპანია ,,გეწაძე და პატეიშვილი''-ს მმართველი პარტნიორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს. გიგუაშვილი მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიცვან ოჯახის კონსტიტუციური უფლებები და გადასცენ საქმის მასალები სრული მოცულობით.

„მას შემდეგ, რაც არაერთი შუამდგომლობის თუ საჩივრების შედეგად, როგორც იქნა 2017 წლის 4 ოქტომბერს გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი კონსტანტინე გამსახურდია, მე, როგორც მისი და ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, სამჯერ მივმართე შუამდგომლობით და საჩივრით პროკურატურას, მათ შორის, პირადად საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, რომ გადმომცენ საქმის მასალები, რათა სრულყოფილად გავეცნო მათ და მომეცეს საშუალება მოვამზადო სტრასბურგში წარსადგენი საჩივარი. მიუხედავად ამისა, პროკურატურა უარს აცხადებს ჩვენს მოთხოვნაზე და გვეუბნება, რომ დაზარალებულისათვის საქმის მასალების გადაცემა არ არის ნებადართული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და გვთავაზობს ადგილზე გავეცნოთ საქმეს, რომელიც 18 ტომისგან შედგება“, - განაცხადა გიგუაშვილმა. 

როგორც ადვოკატი აცხადებს, შეუძლებელია 18 ტომი საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლა პროკურატურაში, მაშინ როდესაც უნდა გაკეთდეს დეტალური ანალიზი, მოწმეთა ჩვენებების დაპირისპირება, საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების შედარება ადრე თუ ამჟამად მოქმედ კანონმდებლობასთან. ამირან გიგუაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის 1 პუნქტის თ) ქვეპუნქტი განმარტავს დაზარალებულის უფლებას: მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ადვოკატის განმარტებით, ეს მუხლი მოიცავს მათ შორის დაზარალებული უფლებას მიიღოს პროკურორისგან ინფორმაცია, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით

„ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეხება ყველა დაზარალებულის უფლებას. დღევანდელმა პროკურატურამ წარმატებით გააგრძელა წინა ხელისუფლების პრაქტიკა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ დაზარალებულები. არ მიაწოდონ მათ საქმის მასალები, არ ჩაახედონ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. ასეთი მიდგომა ეწინააღმდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას დაზარალებულის უფლების შესახებ, სრულფასოვნად მიუწვდებოდეს ხელი გამოძიების მიმდინარეობაზე“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, მათ ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას ოჯახის უფლებების დარღვევის შესახებ მიაწოდეს აშშ-ს ელჩს საქართველოში. ასევე მიმართეს საქართველოში მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მათ შორის სახალხო დამცველს, რათა ამ ორგაზაციებმა საზოგადოებას საკუთარი პოზიცია გააცნონ, თუ რამდენად კანონიერია პროკურატურის უარი ზვიად გამსახურდიას ოჯახისათვის საქმის მასალების გადაცემის თაობაზე.